ანრი ოხანაშვილი - მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ხელი შევუწყოთ საარჩევნო მიმართულებით საკითხების გაუმჯობესებას
მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი საარჩევნო მიმართულებით საკითხების გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, დღეს იმართება საინტერესო შეხვედრა, რომელიც საარჩევნო მიმართულებით ცვლილების განხორციელებას შეეხება.
„მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი საარჩევნო მიმართულებით საკითხების გაუმჯობესებას. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად უზრუნველყოფთ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ამ პროცესის წარმართვას. პარლამენტის თავმჯდომარის უშუალო ხელმძღვანელობით ძალიან წარმატებულად დავასრულეთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და დღეს უკვე მუშაობას საარჩევნო საკითხებზე ვიწყებთ, რათა მთელი რიგი მიმართულებით კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საარჩევნო საკითხები. ჩვენ ამ პროცესის მაქსიმალურ საჯაროობას და შესაბამისი სუბიექტების ჩართულობას უზრუნველვყოფთ. იმედი მაქვს, ეს პროცესიც ასევე წარმატებით დასრულდება, როგორც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა დასრულდა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, მსჯელობაში ნებისმიერი დაინტერესებული მხარის, მათ შორის ოპოზიციის ინტერესი და სურვილი უნდა იყოს, რათა რაც შეიძლება ბევრ საკითხზე მოხდეს კონსენსუსი.
„შეხვედრის პირველივე დღეს ულტიმატუმის ენით საუბარი შთაბეჭდილებას მიტოვებს, რომ შესაძლებელია წინმსწრებად გარკვეულ პირებს ჰქონდეთ სურვილი, მოახდინონ დასაწყისშივე პროცესის დისკრედიტაცია. მიუხედავად იმისა, ჩვენ რა საკითხებზე ვიმსჯელებთ ისინი შესაძლოა, ფიქრობდნენ გამოეთიშონ პროცესს და ამით მოახდინონ პროცესის დისკრედიტაცია. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვითანამშრომლებთ და კონკრეტული შედეგის დადებას შევძლებთ“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან როგორც საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მმართველი გუნდის ლიდერები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.