ანრი ოხანაშვილი - მელიას განცხადებით დადასტურდა, რომ ვინც „ნაციონალურ მოძრაობაშია“, ორიენტირებულია პირად კეთილდღეობაზე და არა ხალხის ინტერესებზე
ნიკა მელიას განცხადებით დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვიწროპარტიულ ინტერესებზე ორიენტირებული პარტიაა და ვინც პარტიაშია, ორიენტირებული არიან სწორედ პირად კეთილდღეობაზე და არა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ასეთი რაღაცები რომ ხდებოდა, მელიამ ან გვიან შეიტყო, ან ძალიან კარგად იცოდა, ვის რა ინტერესები ჰქონდა, მაგრამ სიხარბესა და ანგარებაზე ორიენტირებულ ადამიანებთან ერთად აკეთებდა იმ საქმეს, რასაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება ჰქვია.
„რაც არ უნდა ისაუბროს, ვერაფერი გაათეთრებს ვერც მას და ვერც „ნაცმოძრაობას“. რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ამას ახლა მელია ადასტურებს. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რომ ხაბეიშვილი და ვაშაძე გაერთიანდნენ. თითქოს ხაზს უსვამს, რომ ამ ადამიანებს ისეთი პოლიტიკური წონა აქვთ, რომ მათ გაერთიანეს პოლიტიკური ჯგუფები. არც ხაბეიშვილს და არც ვაშაძეს გადაწყვეტილებების მიღებას არ ეკითხებიან იმ დოზით და იმ ფორმით, რასაც იღებენ. ეს ადამიანები არიან გადაწყვეტილებების გამხმოვანებლები და რადიკალიზმის შემქმნელები, კონკრეტული დავალებების გათვალისწინებით. დიდი ხანია, რაც ვაშაძე ამ პარტიის აქტივისტია. ის ამ პარტიის მაღალ თანამდებობაზე იყო და პოლიტიკურად ჩართული იყო არაერთ საქმეში, როცა მოქალაქეების საწინააღმდეგო ქმედებები ხორციელდებოდა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ნიკა მელიამ გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ზაზა გოროზიას „ნაციონალურ მოძრაობაში“, ფულის შოვნის გარდა, არაფერი უნდათ, გოროზია ფრიდონ ინჯიას უახლოესი მოკავშირეა.
ამასთან, ნიკა მელიამ გიორგი ვაშაძის კანდიდატურაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშაძის პრემიერ-მინისტრობაზე საუბარმა გახლეჩილი „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო გახლიჩა.