ანრი ოხანაშვილი - მელიამ პარლამენტისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა და პრემიერმა პასუხი გასცა
ანრი ოხანაშვილი - მელიამ პარლამენტისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა და პრემიერმა პასუხი გასცა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ნიკანორ მელიამ პარლამენტისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა და მას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პასუხი გასცა.

ჟურნალისტებთან საუბარში ოხანაშვილი გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. ნიკანორ მელია ძალიან გამომწვევად და პროვოკაციულად იქცეოდა და ყოველგვარ ზღვარს გადავიდა. მან შეძლო ის, რომ პრემიერ-მინისტრი გარკვეულწილად წყობიდან გამოეყვანა, თუმცა ყველაფერს საზღვარი აქვს. ეს ის ძალაა, რომელიც აგრესიული და დესტრუქციული ქმედებებით გამოირჩევა. ამ ადამიანებს არასოდეს მოუხდიათ ბოდიში გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და რობაქიძის ოჯახებისთვის. მათ საზოგადოების აზრი არ აინტერესებთ და 20 000-მდე პატიმრისთვის ბოდიში არ მოუხდიათ. პოლიტიკოსებს თმენის ვალდებულება გვაქვს და პრემიერმა ყველაფერი გააკეთა, რათა ეს პროცესი კონსტრუქციულად წარმართულიყო. ალბათ მელიასთვის უნამუსო სალანძღავი სიტყვა არ არის, მაგრამ ეს ღირსეული ადამიანისთვის შეიძლება მეტს ნიშნავდეს. ნიკანორ მელიამ პარლამენტისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა და პრემიერმაც პასუხი გასცა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, ახალი მთავრობის წევრებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.