ანრი ოხანაშვილი - მცირე გამონაკლისის გარდა, ალბათ „ევროპულ საქართველოში“ ძირითადი ჯგუფი იგივეა და ისევ არიან სააკაშვილის ტყვეობაში
თავად ამბობენ, რომ ისინი არიან მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში, პირდაპირ თუ ირიბად, ეს დასკვნები შეიძლება, გაკეთდეს, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პარტია „ევროპული საქართველოდან“ დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას მიერ თანამდებობების დატოვების ფაქტს.
„ფაქტია და თვითონ ამბობენ, რომ ისინი არიან მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში, პირდაპირ თუ ირიბად, ეს დასკვნები შეიძლება, გაკეთდეს. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ვითომ გაიყო ორად, რეალურად, ერთი „ნაციონალური მოძრაობაა“. ყოველ შემთხვევაში, ალბათ, მცირე გამონაკლისების გარდა, ძირითადი ჯგუფი იგივეა და ისევ არიან სააკაშვილის ტყვეობაში. ამიტომ, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, გიგი უგულავა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის თანამდებობას, დავით ბაქრაძე კი პარტიის თავმჯდომარეობას ტოვებს. რაც შეეხება გიგა ბოკერიას, დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავასგან განსხვავებით, პარტიული თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, არასწორად მიაჩნია პარტიაში ლიდერების ნაწილის დარჩენა. მისი თქმით, პასუხისმგებლობისა და განახლების მთელი არსი არის ის, რომ გუნდი ერთიანად იღებს პასუხისმგებლობას. ამასთან, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ შედეგი იყო ძალიან ცუდი, ამიტომ იღებს პასუხისმგებლობას და გზას უთმობს ადამიანებს, რომლებიც ამას უკეთესად გააკეთებდნენ. უგულავას თქმით, აუცილებელია მისი, დავით ბაქრაძისა და გიგა ბოკერიას გვერდზე გაწევა და აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევაში პარტიის განახლების შანსს ვერ ხედავს. გიგა ბოკერიას კი, განსხვავებული მოსაზრება აქვს. „არ ვიზიარებ იმ გადაწყვეტილებას, რომ ეს სწორი მომენტია ლიდერების ხელმძღვანელი პოზიციებიდან გასაწევად, პოლიტიკურ ცხოვრებაში გვაქვს მაგალითები ლიდერების, რომლებიც რთულ ვითარებაში უდროოდ წავიდნენ და ამით პარტიას შანსი აღარ დაუტოვეს“.