ანრი ოხანაშვილი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე კომისიის დასკვნა არაკომპეტენტურია
ანრი ოხანაშვილი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე კომისიის დასკვნა არაკომპეტენტურია

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ე.წ. დასკვნა ძალიან არაკომპეტენტურია, დაცლილია ყოველგვარი დასაბუთებული სამართლებრივი მსჯელობისა და ანალიტიკისგან, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა კომისიის სხდომის შემდეგ იმ დასკვნაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წევრებმა მოამზადეს.

მისი თქმით, დასკვნის საბოლოო რედაქციული ვერსია ამ დრომდე არ მიუღიათ და „ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ დოკუმენტი კიდევ გადამუშავდება. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, უმრავლესობა დასკვნის მომზადების პროცესში თანამშრომლობისთვის მზად იყო, თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სურვილი გამოთქვეს, რომ დოკუმენტი თავად დაემუშავებინათ.

„ევროპულ საქართველოს” ყოველთვის მოვუწოდებდით, რომ ამ დოკუმენტს პოლიტიკური ელფერი არ უნდა ჰქონოდა, ამიტომ მზად ვიყავით თანამშრომლობისთვის, თუმცა ფაქტია, დასკვნის საბოლოო ვერსია დღესაც არ გვაქვს, რაც „ევროპულ საქართველოს” უნდა დაეწერა. უშუალოდ ამ დოკუმენტის შედგენა მათ სურდათ. ჩვენ წინასწარი კონსულტაციები გვქონდა, რომ ამ პროცესში ჩავერთვებოდით, თუმცა მათ სურდათ, თავად დაემუშავებინათ. ფაქტია, დღემდე საბოლოო რედაქციული ვერსია არ აქვთ. კომისიის სხდომაზე დღესაც დაგვიდასტურეს, რომ ვერსია, რომელიც ნახევარი საათის წინ მოგვცეს, გადამუშავებას კიდევ ექვემდებარება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა კომისიის მუშაობის ვადის გახანგრძლივება მოითხოვეს, თუმცა არ სურდათ, აღნიშნული საკითხი კომისიის სხდომაზე დაეყენებინათ და დაეფიქსირებინათ, რომ რეალურად, არსებულ დროში ვერ წარმოადგინეს დასკვნის დასრულებული დოკუმენტი.

„როგორც წინასწარი კონსულტაციების დროს დაგვიდასტურეს, მათ კომისიის მუშაობის ვადის გახანგრძლივება სურდათ. ჩვენ ვუთხარით, ეს საკითხი კომისიის სხდომაზე დაეყენებინათ, გამოვიჩენდით მაღალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და დავეთანხმებოდით, თუმცა მათ არ სურდათ, დაეფიქსირებინათ, რომ რეალურად, ამ დროში საბოლოოდ დასრულებული დოკუმენტი ვერ წარმოადგინეს.

რაც შეეხება შეხვედრებს, მათ გადაწყვიტეს, რომ სამუშაო შეხვედრები გამართონ, თუმცა რომელ სამუშაო შეხვედრაზეა საუბარი, მაშინ როდესაც დოკუმენტის საბოლოო რედაქცია არ გვაქვს. ჩვენ შევთავაზეთ, რომ დოკუმენტი უმოკლეს დროში წარმოგვიდგინონ, რათა დეტალურად გაცნობის საშუალება მოგვეცეს და აქტიური განხილვა ორშაბათიდან დავიწყოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ორშაბათიდან საგამოძიებო კომისიის სხდომებს დაესწრებიან და თუ „ევროპული საქართველო“ მათ დასკვნის საბოლოო ვერსიას არ გადასცემს, იმ პროექტს დაეყრდნობიან, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატებისგან დღეს მიიღეს.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიამ მოხსენების პროექტზე მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა და დასკვნა უკვე წარედგინა კომისიის წევრებს. როგორც კაპანაძემ განმარტა, ამის შემდეგ კომისია დასკვნის განხილვას დაიწყებს.

მისი თქმით, კომისიის ბოლო სხდომა 5 სექტემბერს ჩატარდება, რა დროსაც კენჭი ეყრება იმ პროექტსა და რეკომენდაციებს, რომელიც კომისიის წევრებს შორის შემდეგი ოთხი დღის განმავლობაში შეთანხმდება.