ანრი ოხანაშვილი - ჯაფარიძე-ვაშაძეს არ აქვთ რესურსი, ჩვენს საზოგადოებას ესაუბრონ და ახლა ცდილობენ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებებში მაინც მიიღონ მონაწილეობა
მათ არ აქვთ რესურსი, ქვეყნის შიგნით ჩვენს საზოგადოებას ესაუბრონ და ახლა ცდილობენ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებებში მაინც მიიღონ მონაწილეობა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელმაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძისა და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის ბრიუსელში ვიტიზი შეაფასა.
ოხანაშვილის თქმით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ისინი ეწევიან აქტიურ აგიტაციას და პროპაგანდას, თითქოს საქართველოში 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა არ მიმდინარეობს და ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
„მათ არ აქვთ რესურსი, ქვეყნის შიგნით ჩვენს საზოგადოებას ესაუბრონ, არ არიან ისეთი პოლიტიკური წონის პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც შესწევთ უნარი, ესაუბრონ საზოგადოებას. მათ ეს რესურსი არ აქვთ და ახლა ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებებში მაინც მიიღონ მონაწილეობა. ეს ქმედებები გამოიხატება იმაში, რომ აქტიურ აგიტაციას და პროპაგანდას ეწევიან თითქოს, საქართველოში 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა არ მიმდინარეობს და ჩვენ არ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. ეს ყველაფერი ნიშნავს ქვეყნის საწინააღმდეგო პროპაგანდას და აგიტაციას, რასაც ისტორია განსჯის. მათ ამ ქმედებებს საზოგადოება სახელს დაარქმევს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიუსელში 19-21 ოქტომბერს გამართულ ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად შანსი არსებობს, თუმცა დეკემბერში არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება.