ანრი ოხანაშვილი - გიორგი ვაშაძე ქულათა სისტემას ჩამორჩა, 2-5-ქულიანი სისტემები აღარ არის, პროგრესს აჰყვეს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება პროგრესული გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, ელექტრონული მოდელი ოპონენტების მხრიდან სპეკულაციებს გამორიცხავს.
ამასთან, ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციას კითხვები აღარ დარჩა და საუბრობს იმაზე, რომ წესის დანერგვის შედეგად ამომრჩევლის 70%-ის ელექტრონულად რეგისტრაცია საკმარისი არ არის. ოხანაშვილის განცხადებით, ეს ციფრი მინიმალურია და შესაძლოა, 90-100 პროცენტიც იყოს.
„პრაქტიკულად ეს არის სრულად გადასვლა არჩევნების ელექტრონულ მოდელზე, რომელიც გამორიცხავს ოპონენტების მხრიდან სპეკულაციებს, კითხვებს და არის პროგრესული გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არჩევნები ტარდებოდეს ზედმეტი კითხვების გარეშე. ოპოზიციას მეტი კითხვა არ აქვს და მხოლოდ ის დარჩა, რომ 70 პროცენტი ცოტაა. 70 პროცენტი მოჭრილად არ გვითქვამს, რადგან ეს დამოკიდებულია ობიექტურ გარემოებაზე, რისი შესწავლაც მოხდება. შეიძლება, იყოს 90-100“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის დანერგვა ამყარებს სანდოობას არჩევნების მიმართ. ოხანაშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია ინიციატივას მხარს დაუჭერს.
„ეს გადაწყვეტილება არის სწორი და ამყარებს სანდოობას არჩევნების მიმართ. იმედია, ოპონენტები მხარს დაუჭერენ“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა არჩევნების ელექტორონულად ჩატარების ინიციატივასთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის განცხადებაზეც.
„რაც შეეხება გიორგი ვაშაძის განცხადებას ოროსნობაზე, ვაშაძე ქულათა სისტემას იმდენად ჩამორჩა, რომ არც იცის, საგანმანათლებლო სისტემაში ქულათა როგორი სისტემაა. ურჩიეთ, რომ სიახლეებს გაეცნოს და ნახავს, რომ 2-5-ქულიანი სისტემები აღარ არის, პროგრესს აჰყვეს. ვურჩევ, კომიტეტის სხდომაზე მოვიდეს და თავისი ინიციატივა წარმოადგინოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
არჩევნების ელექტორონულად ჩატარების შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივა შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რა დროსაც აღნიშნა: „ამ ოროსნებმა ჯერ ტერმინოლოგია ისწავლონ და წესიერად ახსნან, რას გულისხმობენ არჩევნების ელექტორონულად ჩატარების ინიციატივაში“.