ანრი ოხანაშვილი - ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ მოსამართლეთა შერჩევაზე ჩვენი ხედვა სწორი გზაა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.
შეხვედრაზე მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე იმსჯელეს.
„მართლმსაჯულების სფეროში რეფორმის წარმართვისა და მეტი რეფორმის გატარებისთვის ევროკავშირის ელჩმა შეხვედრაზე თანამშრომლობის მზაობა და მზადყოფნა დამიდასტურა. ავუხსენი ჩვენი ხედვა, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და ხანგრძლივი უნდა იყოს. ასევე საზოგადოებას ამ პროცესისადმი ნდობა უნდა ჰქონდეს. ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ეს სწორი გზა და სწორი მიმართულებაა. მან აღნიშნული რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღგვითქვა“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეხვედრაზე საუბარი ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტსაც შეეხო, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.
„რაც შეეხება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს , რომელზეც გუშინ ვიმსჯელეთ, ელჩს დეტალურად ავუხსენი კანონპროექტის არსი რაში მდგომარეობდა. ასევე პრობლემური საკითხები, რომელიც კანონპროექტს უკავშირდებოდა. მან ეს მოისმინა და დამეთანხმა იმაში, რომ სამართლიანობის პრობლემა ნამდვილად შეიქმნებოდა, თუ ჩვენ ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერდით, ვინაიდან თუ ადამიანი კეთილსინდისიერი და პროფესიონალია, სასამართლო სისტემაში ახლახან შევიდა და სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა, რა უფლებით შეგვიძლია, შევუზღუდოთ, უვადო წესით დაინიშნოს. ეს მთელი რიგი საკითხებია, რომელიც კონსტიტუციას და სამართლიანობას უკავშირდება. ელჩს ეს პოზიციები გავუზიარე“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გუშინ ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებას ითვალისწინებს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.