ანრი ოხანაშვილი - დაუშვებელია, ვინმე რურუასა და ქვეყნის ფუნდამენტურ უმთავრეს დოკუმენტში ცვლილების შეტანას შორის დაისვას ტოლობის ნიშანი
ვინ რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი დავიწყეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ანრი ოხანაშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ „შეშფოთებული ვრჩებით, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია“.
„ხვალ საკონსტიტუციო პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიწყება და პლენარულ სხდომაზე წარიმართება. რა განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს, ერთი ვიცით ის, რომ დაუშვებელია, ვინმე რურუასა და ქვეყნის ფუნდამენტურ უმთავრეს დოკუმენტში ცვლილების შეტანას შორის დაისვას ტოლობის ნიშანი და მეორე მხრივ, ჩვენ იმ პრინციპისა და შეთანხმების ერთგულნი ვრჩებით, რომელიც კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ცვლილებას შეეხება. ჩვენ კენჭისყრაში ამას დავაფიქსირებთ. თუ რაიმე სხვა შედეგი დადგა, ეს იქნება პირდაპირი უპასუხისმგებლო ნაბიჯი და პირდაპირ გადადგმული ნაბიჯი იმ ჯგუფების მხრიდან, ვინც მხარს არ დაუჭერს, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი, სტაბილური პროცესები არ წარიმართოს და არჩევნები არ ჩატარდეს დემოკრატიის მაღალი სტანდარტით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.