ანრი ოხანაშვილი - არჩევნების მშვიდ, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარება ჩვენი სამარკო ნიშანია
მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი იქნება იმით, რომ ჩვენ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას უზრუნველვყოფთ, – ამის შესახებ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შეფასებისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება მმართველი გუნდის სამარკო ნიშანია.
„ჩვენი სამარკო ნიშანია არჩევნების მშვიდ, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარება. მმართველმა პარტიამ ეს ყველა არჩევნებზე დაამტკიცა, რომელიც გავიარეთ. საპრეზიდენტო არჩევნები იყო და არის კიდევ ერთი ნათელი დასტური, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნეიტრალური იყო. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდებოდა ყველა ფაქტზე და ყველა შესაძლო დარღვევაზე ოპერატიული რეაგირება. ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აღნიშნავენ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა არნახული და ოპერატიული რეაგირება.
„განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა ყველა პირი პასუხისგებაში მიეცემა, ვინც შესაძლოა, კანონი დაარღვია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიდგომით გააგრძელებს მუშაობას. მთელი ჩვენი გუნდი მუშაობას ამ მიდგომით ვაგრძელებთ. ყველა შესაძლო დარღვევას შესაბამისი რეაგირება ექნება. გუშინ მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატიული რეაგირება მოახდინა. ერთ-ერთი პირი დაკავებულია, რომელიც ინცინდენტში მონაწილეობდა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მთავარი რაც არის, ყველა პირის მიმართმ განუხრელად პოლიტიკური კუთვნილებისამ თუ რამე სახის დარღვევა გამოიკვეთება, ოპერატიული რეაგირება იქნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
გუშინ ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან, როდესაც მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა, დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ინტერვიუს დროს მათთან მივიდა ზუგდიდის ორი მცხოვრები და სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.