ანრი ოხანაშვილი - არავის დამორჩილებას არ ვითხოვთ, კანონი ყველას მოუწოდებს, პატივი სცენ გამჭვირვალობას
ანრი ოხანაშვილი - არავის დამორჩილებას არ ვითხოვთ, კანონი ყველას მოუწოდებს, პატივი სცენ გამჭვირვალობას

არავის დამორჩილებას არ ვითხოვთ, კანონი ყველას მოუწოდებს, პატივი სცენ გამჭვირვალობას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ოხანაშვილი გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას, სადაც ისინი აღნიშნავენ: „რუსულ კანონს არ დავემორჩილებით“.

ოხანაშვილის შეფასებით, ეს ადამიანები დემოკრატიის სახელით გამჭვირვალობას დაუმორჩილებლობას უცხადებენ.

„წარმოუდგენელია, ამბობდე, ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობისთვის ვმუშაობ, მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური მისწრაფებაო, თუმცა დაუმორჩილებლობას უცხადებდე ისეთ ევროპულ ღირებულებას, როგორიც გამჭვირვალობაა. მით უმეტეს, როცა თავად ამბობენ, რომ ისედაც გამჭვირვალეები არიან. მაშინ, როგორ შეიძლება, ამბობდნენ, რომ ფინანსური დეკლარაციის წარდგენა არის სტიგმატიზაცია? ეს ხალხი დემოკრატიის სახელით ამბობს, რომ გამჭვირვალობაა პრობლემა და დემოკრატიის სახელით გამჭვირვალობას დაუმორჩილებლობას უცხადებენ. ეს სამწუხარო ფურცელია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ დემოკრატიულ ღირებულებას ემსახურებიან, თუმცა გამჭვირვალობას საბოტაჟს უცხადებენ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.