ანრი ოხანაშვილი - არ მგონია, ანტიდისკრიმინაციული კანონის და მისი მოქმედების საკითხების გადასინჯვის საჭიროება იყოს
ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ყველა ჯგუფის და პირის უფლებების დაცვა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეების მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინება დასაგმობია და ამაზე სათანადო რეაგირების მექანიზმები უნდა არსებობდეს.
„ჩვენი ამოცანა არის და ყოველთვის იქნება, ჩვენს ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი ყველა ჯგუფის და პირის უფლებების დაცვა, არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს სურვილი, რომელიმე ჯგუფის ინტერესი იყოს შელახული და ვინმეს მიეცეს საშუალება, იძალადოს ან დაჩაგროს სხვა ჯგუფი. ეს არის მიუღებელი. ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინება არის დასაგმობი და უნდა არსებობდეს ამ ყველაფერზე სათანადო რეაგირების მექანიზმები. თავის დროზე იმსჯელა პარლამენტმა და მიიღო ეს კანონი. შესაბამისად საჭიროება, რომ დღეს გადავსინჯოთ ეს კანონი და მისი მოქმედების საკითხები,არ მგონია მიზანშეწონილი იყოს“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, საკითხზე დიალოგისა და მსჯელობის ბევრი ფორმატი არსებობს, თუმცა არა ულტიმატუმით საუბარი.
„თუ ვინმეს სურს, საკითხზე დიალოგი და მსჯელობა, თუმცა არა ულტიმატუმის ენით, რომ კანონი გავაუქმოთ, ბევრი ფორმატი არსებობს ამისთვის. ჩვენ ყველა მხარეს ვუსმენთ და შეგვიძლია, გავცვალოთ პოზიციები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ პარლამენტის წინ გამართულ ქციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მისვლა მოითხოვა. როგორც ლევან ვასაძემ განაცხადა, თალაკვაძემ უნდა დადოს პირობა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი გაუქმდება.