ანრი ოხანაშვილი - ამორალურობაა, დემოკრატიის პრინციპების ერთგულებას იჩემებდე „პოლიტიკოსი“, თან შეურაცხყოფას აყენებდე სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს და აქციიდან ახალისებდე ციხის უფროსის მოადგილის შვილებზე ფსიქოლოგიურ ტერორს
ამორალურობაა, დემოკრატიის პრინციპების ერთგულებას იჩემებდე „პოლიტიკოსი“ და თან შეურაცხყოფას აყენებდე სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს, ასევე აქციიდან ახალისებდე ციხის უფროსის მოადგილის შვილებზე ფსიქოლოგიურ ტერორს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ანრი ოხანაშვილი მხარდაჭერას უცხადებს იუსტიციის მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, პროკურორსა და მოსამართლეს, ციხის თითოეულ თანამშრომელს და მათ ოჯახებს.
„წარმოუდგენელი ამორალურობაა, დემოკრატიის პრინციპების ერთგულებას იჩემებდე „პოლიტიკოსი“ და პარალელურად ბინძურ შეურაცხყოფას აყენებდე პოლიციელებს, პროკურორებს, მოსამართლეებს, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელებსა თუ თანამშრომლებს და აქციიდან ახალისებდე ციხის უფროსის მოადგილის შვილებზე ფსიქოლოგიურ ტერორს!
ადამიანურ მხარდაჭერასა და პატივისცემას ვუდასტურებ იუსტიციის მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, პროკურორსა და მოსამართლეს, ციხის თითოეულ თანამშრომელს და მათ ოჯახებს!
უღირს და ბინძურ პროვოკაციებს მხოლოდ კანონით უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი!“, – წერს ანრი ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიგი უგულავამ გუშინ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ყველა, ვინც აქ დგახართ, ვინც უმოქმედოდ ხართ, ყველა, ვინც უკანონოდ აკავებთ აქტივისტებს, რადგან გეშინიათ მათი, ყველას ხელებზეა ის სისხლი და უსინდისობა. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ საუკუნეში, ეს აღარ არის ის დრო, რომ მე ვინ დამინახავს. ტყუილად გგონიათ, რომ „კოვიდის“ ნიღბები გადაგარჩენთ. ციფრული საუკუნე ნიშნავს ერთ რაღაცას – თქვენი, ყველას სახელები და გვარები იქნება ონლაინ გამოქვეყნებული. აი, იმ ვიღაცა „მოხვედი ჩიტოს“ რომ იძახის, აი, იმ ვიღაც ორდენიძის, მე ძალიან არ მიყვარს, საქმეში გავრიო ოჯახი და ბავშვები, მაგრამ ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდნენ მისი შვილის მეგობრებმა და კლასელებმა, რომ მამა ჰყავს ჯალათი. ყველა ბოძზე უნდა გამოვაკრათ ასეთი ჯალათები“.