ანრი ოხანაშვილი - ია კერზაიას საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციას „სამართლიანი არჩევნები“ ცოტა მეტი ობიექტურობა მართებს
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციას „სამართლიანი არჩევნები“ ცოტა მეტი ობიექტურობა მართებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ დღეს წარდგენილ ანგარიშზე განაცხადა.
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირება დირექტორ ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.
„ია კერზაიას საკითხზე პარლამენტში დეტალური განხილვა და მსჯელობა იყო. შესაბამისად, ასეთი მკვეთრი განცხადება, რომ ამ საქმეში პოლიტიკური სარჩული იყო, რა თქმა უნდა, მიუღებელია. არასამთავრობო ორგანიზაციას ცოტა მეტი ობიექტურობა მართებს. აქედან გამომდინარე, შესაბამისი კომიტეტიც მზად არის და მზად იყო, რათა ეს განხილვები იმისთვის მოეწყო, რომ ამ საქმიდან ყოველგვარი პოლიტიკური სარჩელი გამორიცხულიყო. იმ შეკითხვებზე, რა შეკითხვებიც გაჩნდა, პასუხი გაცემული ყოფილიყო“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია.