ანნა მალიარი - რუსებმა ქალაქ სოლედარის ახალი მძლავრი შტურმი წამოიწყეს
რუსებმა ქალაქ სოლედარის ახალი მძლავრი შტურმი წამოიწყეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანნა მალიარმა განაცხადა. მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა შეცვალეს ტაქტიკა და ქალაქთან დამატებითი დანაყოფები გააგზავნეს.
ანნა მალიარის განცხადებით, სოლედარის შტურმში მონაწილეობენ კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები, რომლებიც არტილერიის, ზალპური ცეცხლის სისტემებისა და ნაღმყტორცნების გამოყენებით უტევენ ქალაქს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოლედერთან დაიკარგა ორი ბრიტანელი მოხალისე. პოლიცია მათი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს.
პარალელურად, რუსები აგრძელებენ ქალაქ ხერსონის დაბომბვას. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, დღეს დილით განხორციელებული დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ბოლო 24 საათში რუსეთის არმიამ ხერსონს 77-ჯერ გაუხსნა ცეცხლი. ჭურვების ნაწილი საცხოვრებელ სახლებს მოხვდა.
ამასთან, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ნიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვს. დაჭრილია, სულ მცირე, რვა ადამიანი, დაზიანდა საავადმყოფოს შენობა.
დღესვე რუსეთის არმიამ დაბომბა ხარკოვის ოლქი, სადაც რაკეტა სასურსათო ბაზრის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შედეგად, დაიღუპა ორი ადამიანი.