ანკარაში თურქეთის „საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიის“ შენობაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ აიღო
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში თურქეთის „საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიის“ შენობაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანიის მუშათა პარტიამ“ აიღო. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანკარაში თავდასხმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დაჯგუფების, „უკვდავთა ბატალიონის“ ორმა წევრმა, ასია ალიმ და როჟარ ჰელინმა განახორციელა.
ცნობისთვის, „თურქეთის საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიის“ შენობაზე თავდასხმა 23 ოქტომბერს მოხდა. ორმა შეიარაღებულმა პირმა შენობასთან ბომბი ააფეთქა და ცეცხლი გახსნა. თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა. ანკარაში თავდასხმა თურქეთის ხელისუფლებამ ტერორისტულ აქტად შეაფასა და ერაყსა და სირიაში ქურთების პოზიციები დაბომბა.
თურქეთის საგარეო დაზვერვის ინფორმაციით, ქურთული ჯგუფების 120 სამიზნის წინააღმდეგ განხორციელდა ავიაიერიშები. „ქურთისტანის მუშათა პარტია“ თურქეთს, აშშ-ს და ევროკავშირს ტერორისტულ ჯგუფად ჰყავთ აღიარებული.