ანჯეი დუდა - ჩვენ მშვიდად ველოდებით არჩევნების საბოლოო შედეგებს, დემოკრატია ქვეყანაში სტაბილურია, მადლიერი ვარ, რომ არსებობს საზოგადოების ხმა
ანჯეი დუდა - ჩვენ მშვიდად ველოდებით არჩევნების საბოლოო შედეგებს, დემოკრატია ქვეყანაში სტაბილურია, მადლიერი ვარ, რომ არსებობს საზოგადოების ხმა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ანჯეი დუდამ მადლიერება გამოთქვა საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული მაღალი აქტივობისთვის.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ყველა არჩევნები არის ტესტი, რამდენად მომწიფებული ვართ როგორც საზოგადოება, რომელსაც თავად შეგვიძლია, მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენ შესახებ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ საქმეებს დამოუკიდებლად ვუმკლავდებით. გმადლობთ, რომ მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში და მადლობა მათ, ვინც მიიღეთ მონაწილეობა რეფერენდუმში“, – აღნიშნა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ჯერ კიდევ ელოდება საბოლოო შედეგებს, რადგან დათვლის პროცესი ისევ მიმდინარეობს. დუდა იმედოვნებს, რომ არჩევნების პასუხები ხვალ, დაახლოებით შუადღისას გახდება ცნობილი.

„მსგავსი აქტივობით, ამ არჩევნებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. ჩვენ მშვიდად ველოდებით. დემოკრატია პოლონეთში სტაბილურია. მადლიერი ვარ, რომ არსებობს საზოგადოების ხმა. ეს სურვილი სულ უფრო და უფრო მკაფიო ხდება. ვულოცავ მათ, ვინც გაიმარჯვა, მთელი გულით ვულოცავ ახალ დეპუტატებსა და სენატორებს“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

პოლონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენების 41.1 პროცენტია დათვლილი. მონაცემების მიხედვით, 29,62 პროცენტით ლიდერობს ქვეყნის მმართველი პარტია „კანონი და სამართალი“. მეორე ადგილზეა დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმა“, რომელსაც, პირველადი მონაცემებით, 27.1 პროცენტი აქვს. ბარიერი ასევე გადალახეს პარტიებმა „მესამე გზა“, მემარცხენეებმა და პარტია „კონფედერაციამ“.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, პოლონური მედია წერს, რომ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ შანსი, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში კოალიცია შექმნან და უმრავლესობა მიიღონ. ამასთან, პოლონური მედიის ცნობით, არჩევნებთან ერთად გამართულ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 40-მა პროცენტმა, რაც ნიშნავს, რომ ამ რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინება სავალდებულო არ არის. მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული რეფერენდუმის ერთ-ერთი საკითხი არალეგალი მიგრანტების მიღებას შეეხებოდა.