ანჯეი დუდა - ჩნდება ახალი მოხსენებები, რომ შესაძლოა, რუსეთს 2026-2027 წლებში ჰქონდეს სამხედრო პოტენციალი ნატო-სთვის შესატევად, ჩვენ გვჭირდება ევროპის უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ნატო-მ უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, რათა ის არ გახდეს რუსეთის თავდასხმის სამიზნე. აღნიშნულის შესახებ დუდამ ნატო-ზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე საუბრისას აღნიშნა.
„ჩემი გადმოსახედიდან, ეს საღი აზრია. ჩნდება ახალი მოხსენებები და მე ახლახან ვნახე გერმანელი ექსპერტების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, 2026-2027 წლებში რუსეთს ჰქონდეს ისეთი სამხედრო პოტენციალი, რომ შეძლოს, ნატო-ს შეუტიოს. ჯერ კიდევ 2-3 წელია დარჩენილი, ჩვენ გვჭირდება ძალისხმევის გაზრდა, საბრძოლო მასალის შეგროვება, იარაღის წარმოება, ევროპის უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა“, – განაცხადა დუდამ.
მან აშშ-ს მოუწოდა, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.
„ეს რუსული აგრესია ნებისმიერ ფასად უნდა შეჩერდეს, თუ არ შეჩერდა, გავრცელდება და მაშინ, ვშიშობ, რომ ამერიკული ფული არ იქნება საკმარისი რუსეთის შესაჩერებლად, ამერიკელ ჯარებს მოუწევთ ჩარევა და ეს არავის უნდა“, – განაცხადა დუდამ.
ცნობისთვის, „ბიზნეს ინსაიდერმა“ გამოაქვეყნა სტატიაში, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანიამ მიიღო მონაცემები 2026 წლიდან ნატო-ზე რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ.