„ბიზნეს ინსაიდერი“ - გერმანიამ მიიღო მონაცემები 2026 წლიდან ნატო-ზე რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ
„ბიზნეს ინსაიდერი“ - გერმანიამ მიიღო მონაცემები 2026 წლიდან ნატო-ზე რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ

გერმანიის სადაზვერვო სამსახურებმა მთავრობისთვის მოამზადეს რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხის ანალიზი, რომელიც პროგნოზირებს, რომ 2026 წლიდან რუსეთს შეუძლია შეტევა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ „ბიზნეს ინსაიდერზე“ დაყრდნობით წერს.

როგორც მედია წერს, გერმანული სადაზვერვო სამსახურების ანალიზის მიხედვით, რუსეთი ემზადება დასავლეთთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის, რაზეც მიუთითებს რუსული არმიის რეორგანიზაცია, ჯარების გადაადგილება და რაკეტების განლაგება ქვეყნის დასავლეთით, ისევე როგორც რუსული იარაღის წარმოების ზრდა.

ამასთან, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ იარაღის წარმოების ზრდა მიუთითებს, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, დღევანდელთან შედარებით, რუსეთი გააორმაგებს თავის სამხედრო შესაძლებლობებს.

„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, ნატო იზიარებს შეშფოთებას რუსეთის მზარდი სამხედრო შესაძლებლობებისა და შემდგომი დაპირისპირების შესახებ, მაგრამ მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებელი, ამან ომი გამოიწვიოს. კერძოდ, გამოცემას მოჰყავს ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების შეფასება, რომლებიც ვერ ხედავენ ნატო-ზე რუსეთის თავდასხმის საშიშროებას და მიიჩნევენ, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ხუთიდან რვა წელი დასჭირდებათ სამხედრო ძლიერების აღსადგენად.

მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა: „ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, ერთხელაც ნატო-ს ქვეყნებსაც დაესხას თავს, ჩვენი ექსპერტები ელოდებიან, რომ ეს ხუთი-რვა წლის შემდეგ შეიძლება მოხდეს“.