გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთხელაც ნატო-ს ქვეყნებსაც დაესხას თავს, ჩვენი ექსპერტები ელოდებიან, რომ ეს ხუთი-რვა წლის შემდეგ შეიძლება, მოხდეს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთხელაც ნატო-ს ქვეყნებსაც დაესხას თავს, ჩვენი ექსპერტები ელოდებიან, რომ ეს ხუთი-რვა წლის შემდეგ შეიძლება, მოხდეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს, შესაძლოა, რამდენიმე წელში დაესხას თავს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი ერთხელაც, შესაძლოა, ნატო-ს ქვეყნებსაც კი დაესხას თავს. ჩვენი ექსპერტები ელოდებიან, რომ ეს, შესაძლოა, ხუთი-რვა წლის შემდეგ მოხდეს“, – ამბობს პისტორიუსი.

როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის მუქარა, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ.

ამასთან, პისტორიუსმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ცვლილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მზადაა, შეიარაღებულ ძალებში დაუშვას ის ადამიანები, რომლებსაც გერმანიის მოქალაქეობა არ აქვთ.

„ჩვენ სწრაფად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა არსებული სიტუაციის ფონზე“, – აღნიშნა პისტორიუსმა.