ანჯეი დუდა აცხადებს, რომ პარიზში ყველაზე ცხარე დისკუსია უკრაინაში შეიარაღებული ძალების გაგზავნის საკითხზე იყო, თუმცა მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, უკრაინაში შეიარაღებული ძალების გაგზავნასთან დაკავშირებით მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს.
დუდას თქმით, პარიზში გამართულ გუშინდელ არაფორმალურ სამიტზე ყველაზე ცხარე დისკუსია სწორედ აღნიშნული საკითხის გარშემო იყო და „ამ საკითხზე შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ“.
„შეხედულებები აქ იყოფა, ასეთი გადაწყვეტილება არ არსებობს“, – აცხადებს ანჯეი დუდა.
პოლონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მოკავშირეები უახლოეს მომავალში ერთობლივად შეძლებენ უკრაინის საბრძოლო მასალებით მნიშვნელოვან უზრუნველყოფას.
„ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც ნამდვილად სჭირდება უკრაინას“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გუშინ გაიმართა, რომელშიც 20 სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას უკრაინისათვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის. მისივე თქმით, პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. „დასავლეთის ქვეყნებს შორის ახლა არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე, მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული“, – განაცხადა მაკრონმა.