ანგელა მერკელმა ტერეზა მეის ბრექსიტთან დაკავშირებით ახალი მოლაპარაკებების გამართვაზე უარი უთხრა
ანგელა მერკელმა ტერეზა მეის ბრექსიტთან დაკავშირებით ახალი მოლაპარაკებების გამართვაზე უარი უთხრა. გერმანიის კანცლერმა ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ანგელა მერკელის განმარტებით, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის დატოვებასთან დაკავშირებით ახალი მოლაპარაკებები არ გაიმართება და დაამატა, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის სჯერა.
ანგელა მერკელის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, რომლებიც ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდნენ, არ სურთ, რომ მათმა ქვეყანამ გაერთიანება შესაბამისი შეთანხმების გარეშე დატოვოს.
კანცლერის თქმით, დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელი შეთანხმება მათი ქვეყნისთვის არახელსაყრელია.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, მთავარ სადავო საკითხად ამ დრომდე ირლანდიის რესპუბლიკასა და დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში არსებულ ჩრდილოეთ ირლანდიას შორის არსებული საზღვარი რჩება.
Reuters-ის ცნობით, ტერეზა მეისთან შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, ლონდონთან დამატებითი გარანტიები განიხილოს. საქმე ეხება სწორედ ირლანდიასთან არსებულ საზღვარს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ლონდონში შიშობენ, რომ აღნიშნული გადაუჭრელი საკითხის გამო 2021 წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთი შესაძლოა, ავტომატურად საბაჟო კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ, ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, 11 დეკემბერს დაგეგმილი კენჭისყრა გაურკვეველი ვადით გადადო. დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მას ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების კორექტირებისთვის დამატებითი მოლაპარაკებების გამართვა სურს.
თავის მხრივ, ევროკავშირი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას გამორიცხავს. გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მათი პოზიცია არ შეიცვლება.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.