ანგელა მერკელმა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო
ანგელა მერკელმა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო. ინფორმაციას გერმანიის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი ადასტურებს, თუმცა შეხვედრის გაუქმების მიზეზებზე არ საუბრობს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის გადადების მიზეზი, გერმანიაში შექმნილი მდგომარეობაა. ქვეყანაში კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ მოხდა. კოალიციის ერთ-ერთი სავარაუდო პარტნიორი მოლაპრაკებებს მოულოდნელად გამოეთიშა. გერმანიაში პოლიტიკური მოვლენები ორგვარად შეიძლება განვითარდეს. ორივე ვერსია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში უპრეცედენტოა. ერთ შემთხვევაში, მერკელი მთავრობაში უმცირესობით რჩება მწვანეთა პარტიასთან შექმნილი კოალიციით, ან პრეზიდენტი განმეორებით არჩევნებს დანიშნავს, რადგან პარტიებმა მთავრობის ფორმირება ვერ შეძლეს.

სამი პარტია – „ქრისტიან-დემოკრატები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „მწვანეთა პარტია“ ოთხ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა გადაელახა განსხვავებული შეხედულებები იმიგრაციის, კლიმატის, ეკოლოგიისა და საგადასახადო სისტემის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კანცლერს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.