ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისგან „განსაკუთრებულ შედეგებს“ არ ელოდება
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისგან „განსაკუთრებულ შედეგებს“ არ ელოდება.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა კონკრეტულ შედეგებს მოკლე ვადებში არ გამოიღებს, თუმცა მსოფლიო კრიზისების მოგვარების გზების ძიებაში, რუსეთთან დიალოგი მნიშვნელოვანია.
„ეს სამუშაო შეხვედრაა. არის ბევრი პრობლემა, რომელიც გვაწუხებს, უკრაინიდან დაწყებული, სირიითა და ეკონომიკური თანამშრომლობით დამთავრებული. პრობლემები ითხოვს, მუდმივი დიალოგი გვქონდეს. მინდა, ეს დიალოგი ხვალ გავაგრძელო“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რუსეთს ძლიერი გავლენა აქვს და თუ ამოცანა ამ პრობლემების გადაწყვეტაა, მაშინ ეს დიალოგის საშუალებით უნდა მოხდეს.
გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა გერმანიაში 18 აგვისტოს გაიმართება. პუტინთან შეხვედრის შემდეგ კი, 23 აგვისტოს გერმანიის კანცლერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ესტუმრება.