ანგელა მერკელი - საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორიები არის დიდი გამოწვევა
საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიები და ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევას ითხოვს, – ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა სტუდენტის კითხვას, რა მიაჩნია საქართველოსნაირი მცირე ქვეყნებისთვის მთავარ გამოწვევად.
მისი თქმით, საქართველოსთვის უსაფრთხოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ კარგად ესმის, რომ ქვეყანას ნატო-სთან შემდგომი დაახლოება-თანამშრომლობის სურვილი აქვს.
ადამიანებისთვის მთავარი გამოწვევა არის უსაფრთხოება და კეთილდღეობის შექმნა. საქართველო, მისი ბუნებიდან და მოცემულობიდან გამომდინარე, არის კლიმატით და ბევრი სხვა რამით, შეიძლება ითქვას, მართლაც წილხვედრი ქვეყანა, თუმცა, მეორე მხრივ, თურქეთი, რუსეთი მნიშვნელოვანი ქვეყნებია.
თქვენთვის გამოწვევა არის ის ფაქტი, რომ არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები, ეს არის დიდი გამოწვევა, ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვს ეს ყველაფერი. უსაფრთხოება არის უდიდესი მნიშვნელობის, სწორედ ამიტომ მე ძალიან კარგად მესმის საქართველოს სურვილი ნატო-სთან შემდგომი დაახლოება-თანამშრომლობისა“, – განაცხადა მერკელმა.
თუმცა გერმანიის კანცლერი აქვე ამბობს, რომ სოციალური ქმედითი ქსელის ჩამოყალიბება და სოფლად მცხოვრები ადამიანების გათვალისწინება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
„შეიძლება თბილისში ადამიანები ბევრად უკეთ ცხოვრობდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, რეგიონებშიც უნდა მიდიოდეს განვითარების პროცესები. გუშინ პრემიერ-მინისტრთან საკმაოდ დიდხანს ვისაუბრე ინკლუზიურ ზრდაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო საწარმოების ჩამოყალიბება, ახალგაზრდა ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საწარმოების ჩამოყალიბების შესაძლებლობა და მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი სექტორის განვითარების შესაძლებლობა, იაფი კრედიტის, სესხის მიღება, რათა ღირდეს ორიენტაცია განვითარებზე.
რაც მეტი დივერსიფიკაცია, მეტი მრავალმხრივობა ჩნდება, რაც უფრო ნაკლებია მსხვილი საწარმოები, მით უკეთესია ქვეყნის სწრაფი განვითარება. ბუნებრივია, ამიტომ მცირე და საშუალო კომპანიების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან არის უდიდესი გამოწვევა, უდიდესი შესაძლებლობა საქართველოსთვის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ევროპულ ბაზარზე. ვისაც უნდა დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა, მან უნდა შეძლოს, ეს შესაძლებლობები გამოიყენოს სამართლებრივად და ეკონომიკურად.