საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.
ანგელა მერკელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება და მათგან არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენს.
ამის შემდეგ გერმანიის კანცლერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაემართება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდება.
ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ესტუმრა. გერმანიის კანცლერი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. გუშინ ანგელა მერკელი ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, შემდეგ კი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერსა და სამთავრობო დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
ანგელა მერკელი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეს დაასრულებს.