ანგელა მერკელი რუსეთის მონაწილეობით „დიდი რვიანის“ ფორმატის აღდგენის შესაძლებლობას ვერ ხედავს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უახლოეს მომავალში ვერ ხედავს რუსეთის მონაწილეობით „დიდი რვიანის“ ფორმატის აღდგენის შესაძლებლობას. „დოიჩე ველეს“ ცნობით, როგორც ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა, ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა, ამიტომ უმსხვილესი ინდუსტრიული სახელმწიფოების შეხვედრებიდან რუსეთის გარიცხვა სწორი იყო.
ამავე დროს, გერმანიის ლიდერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საკითხებზე რუსეთთან ინტენსიური დიალოგის მნიშვნელობას.
„მე რუსეთთან მოლაპარაკებებს მხარს ვუჭერ, თუმცა მხოლოდ ჩვენს შორის არსებული უთანხმოებების გათვალისწინებით“, – განაცხადა მერკელმა და მაგალითისთვის დაასახელა მაისში სოჭში, ვლადიმერ პუტინთან „ხანგრძლივი და დეტალური“ საუბარი.
ამავე დროს ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ კვებეკში 8-9 ივნისს დაგეგმილი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე რთულ მოლაპარაკებებს ელოდება. მან გაიხსენა აშშ-სთან არსებული უთანხმოებები, კერძოდ კლიმატის დაცვა, ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან ვაშინგტონის გასვლა და აშშ-ის მიერ ალუმინსა და ფოლადზე დაწესებული გადასახადი.