ანგელა მერკელი - მიგრაციის თემა შესაძლოა, ევროკავშირისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს
მიგრაციის თემა ევროკავშირისთვის შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. ამის შესახებ განცხადება ბუნდესტაგში გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკეთა. მისი თქმით, გერმანია და ევროკავშირი მიგრაციის პრობლემის გადაწყვეტას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
გერმანიის კანცლერმა იმ მიგრანტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ევროკავშირის ერთ ქვეყნაში ჩადიან, თუმცა სხვა სახელმწიფოებში გადასვლა სურთ. მისი თქმით, ასეთი მიგრანტების მიღების საკითხი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. მერკელის განცხადებით, თუ ამ საკითხზე ევროკავშირი ვერ შეთანხმდება, აუცილებელი გახდება იმ ქვეყნების კოალიციის შექმნა, რომლებიც მიგრაციის პრობლემას ერთად გადაწყვეტენ.
შეგახსენებთ, ივნისში გერმანიის კოალიციურ მთავრობაში კონფლიქტი დაიწყო. ამის მიზეზი ქრისტიან- სოციალური კავშირის წევრის, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ჰორს ზეეხოფერის პოზიცია იყო, რომელიც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული მიგრანტების მიღებაზე უარის თქმას უჭერს მხარს.
ანგელა მერკელი კი მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება გერმანიის კანონმდებლობას და ამასთან ერთად, უსამართლოა ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიცაა საბერძნეთი და იტალია.
მერკელი ითხოვს, რომ მიგრაციის პრობლემის გამკლავების მიზნით, საერთო ევროპული მიდგომა შემუშავდეს.
თავის მხრივ ზეეხოფერი იმუქრება, რომ თუ ევროკავშირი შეთანხმებას ვერ მიაღწევს, შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებამოსლებას გამოიყენებს და მესაზღვრეებს უბრძანებს, 1-ლი ივლისიდან გერმანიაში მიგრანტები აღარ შეუშვან.
მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, გერმანიის მთავრობაში კრიზისი და ვადამდელი არჩევნების გამართვა გამორიცხული არ არის.