გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საახალწლო მილოცვა გაავრცელა, სადაც ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ასპარეზზე გერმანიის როლის გაძლიერებაზე.
„ჩვენსავე ინტერესებშია, მეტი პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
მან ხაზი გაუსვა აშშ-თან დაძაბულ ურთიერთობებს, თუმცა განაცხადა, რომ ისეთი პრობლემების დაძლევას ვერც ერთი სახელმწიფო მარტო ვერ შეძლებს, როგორიც არის კლიმატის ცვლილებები, არალეგალური მიგრაცია და ტერორიზმი.
2019 წლიდან გერმანია ორი წლის ვადით გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. მერკელის თქმით, ამ პერიოდში გერმანიას გლობალური ამოცანების გადაჭრა მოუწევს.
საახალწლო მილოცვაში გერმანიის კანცლერმა შიდაპოლიტიკურ პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ გერმანიის მოქალაქეებმა ერთმანეთის მოსაზრებებს მეტი პატივისცემით მოეკიდონ.
გამოსვლის დასასრულს მერკელმა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, 2021 წლიდან ის არც ერთ პოლიტიკურ თანამდებობას არ დაიკავებს.
„დემოკრატიას ცვლილებები აცოცხლებს, ჩვენ ყველანი კი დროს ვემორჩილებით“, – განაცხადა მერკელმა.