ანგელა მერკელი - რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ნატო და ევროკავშირი არ არიან მტრები
არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ რუსეთთან თანამშრომლობაზე გაზის მიმართულებით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მერკელის თქმით, არ არის რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის წინააღმდეგი და რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ნატო და ევროკავშირი არ არის რუსეთის მტერი.
„ვფიქრობ, პრინციპულად, გერმანიას სურს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, აზერბაიჯანთან და უკრაინასთან, ასევე რუსეთთან. რუსეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, ევროპასა და რუსეთს აქვთ დროში კარგი თანამშრომლობა და ერთმანეთისგან ძალიან ბევრი ისწავლეს. მიუხედავად ამისა, იყო შთაბეჭდილება, რომ ცივი ომი ჯერ არ დასრულებულა, ჯერ კიდევ ვართ ერთმანეთის მტრები.
მე ვფიქრობ, რომ არც ევროკავშირი და არც ნატო არ არის საფრთხე რუსეთისთვის, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ნატო და ევროკავშირი არ არიან რუსეთის მტრები. რუსეთი რა თქმა უნდა ურთულებს სიტუაციას ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, მაგალითად საქართველოს, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სახით, მოლდოვას აქვს პრობლემა, აზერბაიჯანსაც იგივე პრობლემა აქვს, რაც უკრაინას. ყველ ქვეყანას, რომლებშიც ადამიანებს სურთ ევროპასთან კარგი ურთიერთობა. ამ დროს მათ აქვთ ტერიტორიული პრობლემები და აუცილებელია ამ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
ცივი ომის დროსაც, ევროპასა და რუსეთსაც, მაშინ საბჭოთა კავშირს, ძალიან მჭიდრო კავშირები ჰქონდათ ენერგომიმართულებით. არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ რუსეთთან თანამშრომლობაზე გაზის მიმართულებით, აზერბაიჯანიც ისეთი ქვეყანაა, საიდანაც შეგვიძლია გაზის მიღება, თურქმენეთიდანაც. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ამერიკული გაზის მიღება არ არის იგივე ფასად შესაძლებელი, როგორც რუსული გაზის მიღება. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა გვქონდეს ამ მიმართულებით. იქნებ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა უკრაინისა და საქართველოსთან მიმართებაში და ეს იქნება ადამიანებისთვისაც მომგებიანი“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.