ანდრო ნემსაძე - ბოლნისში თამაში ყველა გუნდს უჭირდა და წელსაც ასე იქნება #1TVSPORT
ანდრო ნემსაძე - ბოლნისში თამაში ყველა გუნდს უჭირდა და წელსაც ასე იქნება #1TVSPORT

ანდრო ნემსაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს ბოლნისის „სიონში“ ჩაირიცხა. გორის „დილას“ ყოფილმა მცველმა ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ გუნდთან ერთად გაიარა მოსამზადებელი ეტაპი და ახლა კონტრაქტი გააფორმა.

„გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. „სიონში“ ძალიან კარგად დამხვდნენ, როგორც ფეხბურთელები, ასევე სამწვრთნელო შტაბი და ადაპტაციის პრობლემა არ მქონია. რაც შეეხება ჩვენს მიზანს, მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ყველა გუნდს კონკურენცია გავუწიოთ. ბოლნისში თამაში ყველა გუნდს უჭირდა და ვფიქრობ, წელსაც ასე იქნება“, – განაცხადა ბოლნისელთა ახალწვეულმა საქართველოს პირველ არხთან.

24 წლის მცველი გორის „დილაში“ 2021 წლის იანვარში ჩაირიცხა და 24 მატჩი ჩაატარა. ანდრო ნემსაძეს გუნდთან კონტრაქტი 1+1 წლით აკავშირებდა, მაგრამ გაგრძელება აღარ ისურვა, რადგან „დილაში“ მუდმივი პრაქტიკა არ ჰქონდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი მოლაპარაკებას რამდენიმე გუნდთან აწარმოებდა,საბოლოოდ კი არჩევანი ბოლნისის „სიონზე“ შეაჩერა. „სიონის“გუნდის ახალწვეული თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ პრეზენტაციაზე გულშემატკივრებს წარუდგინეს და 23-ნომრიანი მუდმივნომრიანი მაისურა გადასცეს.

გასულ სეზონში წელს ლიგა 2-ის გამარჯვებული ბოლნისური „სიონი“ ეროვნული ლიგის პირველ მატჩს 25 თებერვალს ბათუმში გამართავს და მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება. ნემსაძის გარდა, ბოლნისის „სიონში“ ახალი სეზონიდან ასევე ითამაშებენ გიორგი ჩოჩიშვილი, გიორგი გადრანი, ივან ფოცხვერია, ანატოლი მესიაჩენკო, ლუკა ჩაგანავა, ზაზა ციცქიშვილი, ოთარ კვერნაძე, რაფაელ დე ლა სოუზა და აბდულ აზიზ დუმბია.