ანდრიუს კალინდრა - რუსეთის სტრატეგიული მარცხი გარდაუვალია, უკრაინის გამარჯვებამ უნდა მოიცვას მისი ტერიტორიების დეოკუპაცია, ასევე რუსეთის ძალების გაყვანა უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან
ლიეტუვა სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, უკრაინელ ხალხს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს, ისევე როგორც საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის სტრატეგიული მარცხი გარდაუვალია, უკრაინის გამარჯვებამ კი აუცილებლად უნდა მოიცვას მისი ტერიტორიების დეოკუპაცია.
„ჩვენ ძალიან განსხვავებულ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ვიყავით ერთი წლის წინ. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა და ერთიანობა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის. თუკი რამდენიმე თვის წინ ჩვენ ვსაუბრობდით ტანკების მიწოდებაზე, ახლა დღის წესრიგი უფრო ფართოა. რუსეთის სტრატეგიული მარცხი გარდაუვალია, უკრაინის გამარჯვებამ კი აუცილებლად უნდა მოიცვას მისი ტერიტორიების დეოკუპაცია. მან ასევე უნდა მოიცვას რუსეთის ძალების გაყვანა უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, ამ ქვეყნებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება და ყველა დამნაშავის საერთაშორისო სამართლით გასამართლება, მათ შორის სამხედრო დანაშაულის ჩამდენი პირების“, – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, „როგორ ხედავს საქართველოს მთავრობის როლს ამ პროცესში ანტიდასავლური განცხადებებისა და უკრაინის მისამართით ბრალდებების ფონზე“, ანდრიუს კალინდრამ აღნიშნა:
„ვიტყოდი, რომ არის სოლიდარობის გამოხატვის რამდენიმე გზა. საქართველომ გამოხატა სოლიდარობა გუშინ გაერო-ში და ჩვენ ძალიან მოხარული ვართ ამის გამო. ასევე არსებობს ამის გაკეთების სხვა შესაძლებლობები და გზები. ლიეტუვის შემთხვევაში, ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს უკრაინის მხარასაჭერად, მათ შორის სამხედრო, ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერის გზით“, – განაცხადა ელჩმა.
კითხვას იმის შესახებ, რომ საქართველო საკმარისად უჭერს თუ არა მხარს უკრაინას, ელჩმა განაცხადა, რომ „ყველა ჩვენგანისთვის ახლა ყველაზე მნიშველოვანია, ვკონცენტრირდეთ დღევანდელ, ხვალინდელ დღეზე და ამ მიმდინარე წელზე“.
„თუკი გარკვეული დონის მხარდაჭერა იყო მოსალოდნელი, თუმცა მრავალი მიზეზის გამო, ჯერ არ მოხდა მისი გამოხატვა, მოდით, გავაერთიანოთ მთელი ჩვენი ძალისხმევა, რომ ამ მხარდაჭერამ მიაღწიოს ყველა უკრაინელამდე 2023 წელს. ეს წელი 2022 წელზე არანაკლები რთული იქნება“, – აღნიშნა ელჩმა.
ამასთან, საქართველოში ლიეტუვის ელჩს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე ჰკითხეს, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ომის არდასაშვებად და უდიდესი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთის სამხედრო აგრესია მაინც შედგა“.
„გაერო-ს ქარტია ამბობს, რომ ყველა ჩვენგანს აქვს კოლექტიური პასუხისმგებლობა, შეინარჩუნოს საერთაშორისო მშვიდობა, სტაბილურობა და ამისთვის იმუშაოს. ცხადია, გაერო-ს ქარტია ახლა სრულად დარღვეულია, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციამ ის 2008 წელს დაარღვია. ასე რომ, ჩვენ გვყავს ერთი ქვეყანა, რომელიც არ სცემს პატივს არაფერს და ჩვენ ერთობლივ ძალსიხმევას უნდა მივმართოთ“, – განაცხადა ელჩმა.
კითხვაზე, საქართველო უნდა იყოს თუ არა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების ნაწილი, ელჩმა აღნიშნა: „ჩვენ ყველა ქვეყანას ვიწვევთ, შეუერთდნენ სანქციებს“.