ანდრიუს კალინდრა - „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ვიმყოფები სოლიდარობის გამოსახატად, შეშფოთებული ვართ, რომ შესაძლოა, არაპროპორციული ზომები იქნას მიღებული
საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის შეშფოთებულია, რომ მოვლენებთან დაკავშირებით შესაძლოა, არაპროპორციული ზომები იქნას მიღებული.
ამასთან, ანდრიუს კალინდრას თქმით, ლიეტუვა საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია. ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მუშაობენ, რათა ევროატლანტიკურ მისწრაფებებში საქართველო წარმატებული იყოს.
„ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ლიეტუვა საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ვმუშაობთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა ქვეყანა იყოს წარმატებული ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. აქ ვარ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვხატო ყველა იმ მოვლენის მიმართ, რომელიც ხდება. ჩვენ შეშფოთებული ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, არაპროპორციული ზომები იქნას მიღებული“, – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.