ანდრიუს კალინდრა - ევროკავშირი გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსით, კონსენსუსი ისე ახლოს არის, როგორც არასდროს, ძალიან გვსურს, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, თუმცა მანამდე უნდა იყოს პროგრესი
ყველა პროცესში ჯერ კიდევ არის საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყდეს, ევროკავშირის ქვეყნები ყველა გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე იღებენ, ასე რომ, კონსენსუსი ისე ახლოს არის, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.
ელჩის თქმით, რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარე პროცესია და ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი.
„რეკომენდაციები არის მიმდინარე პროცესი. ჩვენ ცნობად ვიღებთ პროგრესს, რომელიც მიღწეულია, თუმცა, ამავე დროს, წინ ჯერ კიდევ გზა არის გასასვლელი. შემდგომი შეფასება იქება მომავალ წელს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის, რომ დაუახლოვდნენ ერთმანეთს სტრატეგიულად, რათა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. თუმცა წინ ჯერ კიდევ არის დრო წინსვლისთვის. ყველა პროცესში ჯერ კიდევ არის საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყდეს და, ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რომ ევროკავშირის ქვეყნები ყველა გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე იღებენ. ასე რომ, კონსენსუსი ისე ახლოს არის, როგორც არასდროს. ახლა ჩვენ ვისურვებდით მხოლოდ საქართველოს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში, ჩვენ ძალიან გვსურს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა მანამდე პროგრესი უნდა იქნას მიღწეული“, – განაცხადა ელჩმა.
ამასთან, ელჩის განცხადებით, ყველა რეკომენდაცია მნიშვნელოვანია და საქართველო მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე არ უნდა ფოკუსირდეს.
„მნიშვნელოვანია ყველა რეკომენდაცია, ნუ ავიღებთ მათგან ერთს და ნუ ვფოკუსირდებით რომელიმე კონკრეტულ რეკომენდაციაზე. საქართველოს შეფასება მოხდება მთელი პაკეტის მიხედვით. ჩემი და ვილნიუსის მიდგომა არის ის, რომ ჩვენ განვიხილავთ მთელ პაკეტს და ვისურვებთ, რომ ყველა რეკომენდაცია სწორად იქნება შესრულებული“, – აღნიშნა ელჩმა.