ანდრია ჯაღმაიძე - მეუფე იაკობის ბრალდება პრემიერისა და ყოფილი შს მინისტრის მიმართ წარმოუდგენელია
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელ მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული განცხადების თაობაზე წმინდა სინოდი მორიგ სხდომაზე იმსჯელებს.
როგორც საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, ძნელი სათქმელია სპეციალურად ამ საკითხისთვის შეიკრიბება თუ არა სინოდი, თუმცა წლის ბოლომდე სხდომა აუცილებლად გაიმართება.
„სინოდი წელს სავარაუდოდ ჩაინიშნება, რადგან არ შეკრებილა, მაგრამ კონკრეტულად ამ საკითხისთვის შეიკრიბება ცალკე თუ არა, უცნობია. მღვდელმთავრები ითხოვენ, რომ სინოდზე იქნას განხილული ეს საკითხი“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
რაც შეეხება თავად მეუფე იაკობის განცხადების შინაარსს, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხემძღვანელი ამბობს, რომ მისთვის ცნობილია მეუფე იაკობის მიერ დასახელებულ პირთა დამოკიდებულება მართლმადიდებლური ეკლესიისა და კონკრეტულად პატრიარქის მიმართ. ამ დამოკიდებულების საფუძველზე, ის ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადების შინაარსს წარმოუდგენლად მიიჩნევს.
„როდესაც საუბარია იმ პირებზე, რომლებიც დასახელდა, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ან პრემიერი, ან ყოფილი შსს მინისტრი, ან ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყოს ამაში გარეული. ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, რადგან ვიცი მათი დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“.
ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.