ანდრია ჯაღმაიძე - გარეჯთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პრემიერს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში და მოვიდა საიმედო სიგნალი, იმედი გვაქვს, მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს სადავო პრობლემას
გარეჯთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა შეხვედრა გამართა ბაქოში და საიმედო სიგნალი მოვიდა, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
ჯაღმაიძის თქმით, იმედი აქვთ, რომ ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს სადავო პრობლემას.
„ყველაზე მნიშვნელოვანი გარეჯთან დაკავშირებით არის ის, რომ პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში და მოვიდა საიმედო სიგნალი, იმედით ვუყურებთ, რომ ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს სადავო პრობლემას, რომელიც ყველას გვაწუხებს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ჯაღმაიძის განმარტებით, იმედიანი განწყობა პრემიერის განცხადებიდან გამომდინარე აქვს.
„პრემიერმა თქვა, რომ ძმურად და სამართლიანად გადაწყდება, ეს მოიტანა ამ დიალოგმა და კონკრეტულ შედეგებს დაველოდებით“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განიხილეს დავით გარეჯის საკითხიც და შეთანხმდნენ, რომ დიალოგი დაჩქარდება და მალე გადაწყდება ისე, როგორც საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობას შეეფერება.