ირაკლი ღარიბაშვილი - ალიევთან შეხვედრისას განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც, შევთანხმდით, რომ დიალოგი დაჩქარდება და მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს მეგობრობას შეეფერება
ირაკლი ღარიბაშვილი - ალიევთან შეხვედრისას განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც, შევთანხმდით, რომ დიალოგი დაჩქარდება და მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს მეგობრობას შეეფერება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, რიგ საკითხებს შორის განიხილეს დავით გარეჯის საკითხიც და შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება.

„მინდა, პირველ რიგში, ვთქვა, რომ მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან. ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია და ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ კიდევ მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად. ასევე განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებიც, შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მათ შორის, განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას, მეგობრობას შეეფერება. ძალიან მალე კომისიები გააგრძელებენ მუშაობას და უფრო კონკრეტულად მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამასთან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის სპიკერთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განიხილეს ეკონომიკური საკითხები, თუ როგორ უნდა გააქტიურონ მუშაობა ინვესტიციების კუთხით.

„ასევე, მქონდა შეხვედრა პარლამენტის სპიკერთან, სულ ახლახანს პრემიერ-მინისტრთან. განვიხილეთ ეკონომიკური საკითხები, თუ როგორ უნდა გავააქტიუროთ მუშაობა, იგივე ინვესტიციების მიმართულებით, მით უმეტეს პანდემიის შემდეგ. მოგეხსენებათ, პანდემიამ ძალიან დააზარალა ჩვენი ეკონომიკები. მთელ მსოფლიოში ასე მოხდა. შევეხეთ ტურიზმის საკითხს. 1,5 მილიონი ადამიანი ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან 2019 წელს, ეს იყო რეკორდული მაჩვენებელი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს და მის მთავრობას.

„მოკლედ, ძალიან კარგი ტონალობით ვასრულებ დღევანდელ ვიზიტს. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს და მის მთავრობას, ყველას ასეთი გულთბილი დახვედრისთვის. პრეზიდენტი მოვიწვიე საქართველოში. მოგეხსენებათ, მრავალი წელი არ ყოფილა პრეზიდენტი საქართველოში ისე განვითარდა მოვლენები ბოლო წლებში და აქედან გამომდინარე, მისგან მივიღე ასევე დაპირება, რომ ის გვესტუმრება თბილისში და ჩვენ გავაგრძელებთ უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე აქტიურად თანამშრომლობას, მეტ საქმეს გავაკეთეთ ერთობლივად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.