ანდრია გვიდიანი - არავისზე არ ვართ დამოკიდებული, ნებისმიერი სანქცია, ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზიანებელია
არავისზე დამოკიდებული არ ვართ, უბრალოდ, ნებისმიერი სანქცია, ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი წერს, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმაურება.
მისი თქმით, გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას „მორიგი ისტერიული და ეპატაჟური გამოხტომა“.
„ამ ისტერიკით, ცხადია, ცდილობს, აქტუალობა არ დაკარგოს. მისი სტილი ეს არის, კონსტრუქციული და არგუმენტირებული ლაპარაკის ნაცვლად, მხოლოდ გინებით და დევიანტური ქცევით უნდა თავი დაგვამახსოვროს.
ახლა რაც შეეხება საქმეს: რუსეთზე დამოკიდებულებაზე როცა არის საუბარი, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ არავისზე დამოკიდებული არ ვართ, უბრალოდ, ნებისმიერი სანქცია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის; არავინ ცვლის არც ბორჯომზე, არც ღვინოზე ქართულ სახელმწიფოებრიობას ან/და ქვეყნის ინტერესებს“, – წერს ექსპერტი.
ამასთან, მისი განმარტებით, ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე უარის თქმა არის სისულელე.
ანდრია გვიდიანის შეფასებით, საქართველოს საექსპორტო თუ ტურისტული ბაზრები, დივერსიფიცირებულია და ყველა ბაზარი მზარდია.
„შესაბამისად, გარდა რუსეთისა, ყველა ბაზარზე საქართველოს როლი მუდმივად იზრდება“, – აღნიშნავს ექსპერტი და სანქციების ეფექტებზე ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, სანქციების ეფექტებია: ლარის კურსზე გაზრდილი წნეხი; შემცირებული სამუშაო ადგილები; დაზარალებული ბიზნესი; არასტაბილური გარემო საბანკო სექტორში და შემცირებული უცხოური ვალუტის შემოდინება.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ძალიან კარგია, რომ სანქციების ამოქმედებაზე უარი რუსეთმა უარი თქვა.
ამასთან, გვიდიანი ნიკა გვარამიას მიმართავს, ემოციები მართოს.
„ემოციები მართე, ენას კბილი დააჭირე და აპოკალიპტურ სურათს ნუ ხატავ“, – წერს ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე.