ანდრია ბასილაია - შადრევანში ელექტროენერგიის გათიშვა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების ე.წ. რელემ და არა ავტომატური მართვის პულტმა
ანდრია ბასილაია - შადრევანში ელექტროენერგიის გათიშვა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების ე.წ. რელემ და არა ავტომატური მართვის პულტმა

შადრევანში ელექტროენერგიის გათიშვა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების ე.წ. რელემ და არა ავტომატური მართვის პულტმა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ბასიაიამ განმარტება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე, სადაც ისმის მერის მოადგილის განცხადება, „შადრევნის და მცირე კასკადის სამუშაოები სრულად დამთავრებულია, ამ ეტაპზე ხელით მართვაზეა. შენობაში, სადაც საქვაბე იყო, უნდა დადგეს ავტომატური მართვის პულტი, რომელიც ყველანაირი რეჟიმის განხორციელებას შეძლებს“.

ანდრია ბასილაიას განმარტებით, ავტომატური მართვის პულტი არანაირ კავშირში არ არის უსაფრთხოების სისტემასთან, მას აქვს შესაძლებლობა ცვალოს ვიზუალი ეფექტი.

მისივე თქმით, აღნიშნული პულტი დამონტაჟდება მხოლოდ და მხოლოდ დიდი კასკადის დასრულების შემდეგ.

„კასკადის სრული რეაბილიტაცია როდესაც დასრულდებოდა, უნდა დამონტაჟებულიყო მართვის ავტომატური პულტი, რომელიც არეგულირებს კასკადის ვიზუალურ რეჟიმებს, როგორც განათების თანამედროვე სისტემას, ისე ლამინირებული ჭავლის სისტემას და ბევრი შესაძლებლობა აქვს ვიზუალური კუთხით. ახლა კი, მცირე კასკადსა და შადრევანში გვქონდა ხელით დაპროგრამებული ვიზუალური ჩართვა-გამორთვა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ არ იყო შადრევანში ე.წ. რელე. ავტომატურ გათიშვას ე.წ. რელე უზრუნველყოფს“, –  აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. სამივე დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა, ხოლო ორი არასრულწლოვანი კლინიკებიდან რამდენიმე დღეში გაწერეს.

ანდრია ბასილაიას კომენტარს თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.