ანდრია ბასილაია - კომპანიის პროექტის მიხედვით, ვაკის პარკის შადრევნის ტუმბოები უნდა იყოს ჩაძირული, შესაბამისად, გარეთ ვერ იქნებოდა, მაშინ სხვა ტიპის ტუმბო უნდა ყოფილიყო
თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, სამწუხაროა კომპანია „ელ ემ სის“ წარმომადგენლის განცხადება, რომლის მიხედვითაც ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ჩაძირული ტუმბოები გარეთ უნდა ყოფილიყო განთავსებული.
ანდრია ბასილაიას თქმით, პროექტში ნათლად არის მითითებული, რა ტიპის ტუმბოები უნდა ყოფილიყო. მერის მოადგილე ამბობს, რომ კომპანიის პროექტის მიხედვით, ვაკის პარკის შადრევნის ტუმბოები უნდა იყოს ჩაძირული, რის გამოც გარეთ ვერ იქნებოდა.
„მოვისმინეთ ეს განცხადება. ძალიან სამწუხარო განცხადებაა. პირველ რიგში, პროექტში ნათლად არის მითითებული, რა ტიპის ტუმბოები უნდა იყოს. ტუმბოს ტიპი არის ჩაძირული ტუმბო მრგვალ შადრევანზე. მითითებულია, რომ უნდა იყოს ჩაძირული, შესაბამისად, ეს ტუმბო გარეთ ვერ იქნებოდა.
ეს ტუმბო რომ ყოფილიყო გარეთ, უნდა ყოფილიყო სხვა ტიპის ტუმბო. ჩვენ გვაქვს ნახაზი, სადაც არის მითითებული, რამდენი ტუმბო უნდა ყოფილიყო. არის ისრები, სად უნდა ყოფილიყო ტუმბოები დამონტაჟებული. მესამე ნახაზზე, რომელიც დამოწმებულია ავტორის მიერ, ნათლად ჩანს, სად არის ტუმბო და სად უნდა ყოფილიყო პროექტით. ძალიან სამწუხაროა ავტორის მხრიდან ასეთი განცხადებები, რადგან ტუმბოები ფაქტობრივად განხორციელებული იყო ისე, როგორც პროექტში იყო“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ანდრია ბასილაიამ ასევე აღნიშნა, რომ „ელ ემ სის“ წარმომადგენელი შადრევნის გახსნამდე ადგილზე იმყოფებოდა და ზუსტად იცოდა, როგორ განხორციელდა სამუშაოები.
„თან მაქვს ხელშეკრულება, სადაც ნათლად არის აღწერილი მესამე და მერვე პუნქტების შესახებ – ვალდებულება, პროექტის ნებისმიერი ცვლილება პროექტის მსვლელობისას, საპროექტო ზედამხედველობის გაწევა. ეს ადამიანი იყო ჩართული სამშენებლო პროცესში, ასევე, შადრევნის გახსნამდე სიუჟეტები როცა მზადდებოდა, ადგილზე იყო. ზუსტად იცოდა, როგორ განხორციელდა სამუშაოები და არც ერთხელ მისგან არანაირი პრობლემა არ დაფიქსირებულა არც ჩვენთან, არც კონტრაქტორთან. დოკუმენტი ატვირთული არის spa.ge-ზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
კითხვაზე, ტუმბო ჩინური იყო თუ გერმანული, რადგან ავტორი ამბობს, რომ გერმანულზე გაიცა რეკომენდაცია, ანდრია ბასილაიამ განაცხადა, რომ პროექტში არ შეიძლება, ჩაიდოს მწარმოებელი ქვეყანა, რადგან ეს კანონმდებლობის დარღვევაა.
„ესეც დიდი სისულელეა. პროექტში არ შეიძლება, ჩაიდოს მწარმოებელი ქვეყანა. ეს პირდაპირ კანონმდებლობის დარღვევაა. პროექტში იდება ტექნიკური მახასიათებლები. შესაბამისად, ის პროდუქტი წარმოადგინა, რომელიც აკმაყოფილებდა. რეკომენდაცია – ეგეთი რაღაც არ არსებობს. ჩინური ტუმბოა, მაგრამ ეს ტუმბო აკმაყოფილებდა“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.
შპს „ელემსის“ ადვოკატმა ზაზა ნაჭყებიამ განაცხადა, რომ კომპანიის პროექტის მიხედვით, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ჩაძირული ტუმბოები გარეთ უნდა ყოფილიყო განთავსებული.