ბექა ოდიშარია - ჩვენ არ გვყავს იმ კარიკატურა პოლიტიკოსების მიერ გადასაყენებელი ქალაქის მერი, რომლებიც შალვა ნათელაშვილის კარიკატურადაც არ გამოდგებიან
ბექა ოდიშარია - ჩვენ არ გვყავს იმ კარიკატურა პოლიტიკოსების მიერ გადასაყენებელი ქალაქის მერი, რომლებიც შალვა ნათელაშვილის კარიკატურადაც არ გამოდგებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განაცხადებით, ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება მიუკერძოებლად იქნება წარმართული.

ოდიშარიამ პარლამენტში დეპუტატებს მოუწოდა, განცხადებებისას სხვადასხვა ტრაგიკულ შემთხვევას ერთმანეთს ნუ შეადარებენ.

„ძალიან მძიმეა სიტუაციის ასე ხელოვნურად დამძიმება. მოხდა უდიდესი ტრაგედია. ვეთანხმები კოლეგების ორივე ფრთას, ვინც იყო თავის მიდგომებში შესაფერი. ერთმანეთს არ უნდა შევეჯიბროთ კალენდარულ რიცხვებში, სად, რა მოხდა, რომელ წელს, რა ტრაგედია მოხდა. ეს ტრაგედია მე ყველაზე ძალიან მეტკინება სიცოცხლის ბოლომდე და ღმერთმა ნუ ქნას, რამემ გადაფაროს, რადგან ეს ჩემი თანამედროვე ტრაგედიაა და ჩემთან, ჩვენთან ერთად წავა იმ ქვეყანაზე. ამას არაფერი ეშველება მშობლებისთვის, ეშველება იმას, რომ გარწმუნებთ, მათ შორის თქვენ, ქალბატონო ანა, რომ გამოძიება აუცილებლად ჩატარდება. ჩატარდება მიუკერძოებლად.

ხედავთ, რომ ყოველგვარი გადამეტების გარეშე, ვაკე-საბურთალოს სამმართველოში ხალხი ათენებს ღამეებს და ათენებინებენ მოწმეებს თუ სხვადასხვა პირებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდა და აქვს კიდეც შემხებლობა, ასევე ყველა მიმართულების ექსპერტებს, შემსრულებლებს, მერიის თანამშრომლებს, მაღალჩინოსნებს და ასე შემდეგ. ღამეები ათენებინეს ამ ადამიანებს, რომ ინფორმაცია ამოიღონ. გთხოვთ, გარდა იმისა, რომ ტრაგედიებს ნუ შევადარებთ ერთმანეთს, ასევე ნუ შევადარებთ ამბებს.

მინდა, ალეკო ელისაშვილს ვუპასუხო ბათუმთან დაკავშირებით. მე ამავე დროს ვარ ლატვიის საპატიო კონსული და იმ დროს მომიწია ბათუმში ყოფნა, შემთხვევით შევესწარი. მთელი ღამე გავათენეთ ერთად მე, ვახტანგ გომელაურმა, თორნიკე რიჟვაძემ, მერიის მაღალჩინოსნებმა. იმ ტრაგედიისას მყისიერად გამოიკვეთა დამნაშავე, რადგან კერძო სივრცეში კერძო მეპატრონემ უკანონოდ დაუკვეთა ისეთი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელსაც შეეწირა ცხრა ადამიანი, დაჭერილია სამი პირი, მეპატრონის და შემსრულებლების ჩათვლით“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ამასთან, ბექა ოდიშარია გამოეხმაურა იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე უნდა გადადგეს.

„ლაპარაკია გადადგეს, არ გადადგეს. შესაძლოა, ალეკო ელისაშვილისგან მისაღებია პოზიცია, რომ გვთავაზობს, ხომ არ სჯობს, ვინმე გადადგესო, მათ შორის ქალაქის მერი. ეს მისი პოზიციაა და აქვს უფლება, შემოგვთავაზოს. ისევე, როგორც ფრიდონ ინჯიამ თქვა, ის არ თვლის, რომ უნდა გადადგეს. მივიღებთ ყველა პოზიციას ნებისმიერი პოლიტიკოსისგან, საზოგადოების წევრისგან, რომელიც გულწრფელად არის თავზარდაცემული, მაგრამ ბოდიშს ვიხდი და ჩვენ არ გვყავს იმ კარიკატურა პოლიტიკოსების მიერ გადასაყენებელი ქალაქის მერი, რომლებიც შალვა ნათელაშვილის კარიკატურადაც არ გამოდგებიან. რას ნიშნავს ეს სიტყვების სროლა, ადამიანზე რაღაც დანაშაულის წინასწარ დაკისრება. ამიტომ იქნებ მომავლისთვის ცოტა გავასწოროთ ლექსიკა, ამ ტრაგედიიდან რაღაც დასკვნები გამოვიტანოთ, ერთმანეთს ცოტა რიდით მოვეპყროთ.

კახა კალაძეს ახლა ყველაზე ნაკლებად აინტერესებს თავის თანამდებობასა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით თქვენ მიერ წამოწეული საკითხები. დამიჯერეთ, არანაირი პრობლემა მას ამასთან დაკავშირებით არ აქვს, მაგრამ ოთხი შვილის მამაზე, ამ ქალაქში ბევრისთვის საპატივცემულო პიროვნებაზე რატომ უნდა ბედავდეს ვიღაც ადამიანი, რომელსაც ქვა ქვაზე არ დაუდია, რომ წინმსწრებად რაღაც მორალური ტვირთი აჰკიდოს. ასე ვერც მოხდება, რადგან საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ვფიქრობ, ასეთ დროს ჩვენ ცოტა მეტი ჰუმანურობა და სოლიდარობა უნდა გამოვიჩინოთ, ვიდრე მტაცებელ ცხოველებს აქვთ და ერთმანეთი დავინდოთ. დღეს ითქვა, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ იქნებ დავამკვიდროთ რაიმე სტანდარტები. ერთი მხრივ, დავამკვიდროთ ისეთი სტანდარტები, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, პროფესიული თვალსაზრისით მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული ასეთი ტრაგედიებისგან და თავიდან ავირიდოთ მომავალში, მეორე მხრივ, დავამკვიდროთ სტანდარტი, რომ მოხდეს გამოძიება და წინასწარ ანათემას არ გადავცეთ უდანაშაულო ადამიანები. რაც დადგინდება ჭეშმარიტება, ბუნებრივია, სამართალი აღსრულდება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.