ანდრია ბასილაია აცხადებს, რომ ღამის ეკონომიკის პროექტი არ შეჩერებულა და კვლავაც გაგრძელდება
სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ღამის ეკონომიკის პროექტი არ შეჩერებულა, ის კვლავ გაგრძელდება.
„ღამის ეკონომიკის პროექტი არ შეჩერებულა, გაგრძელდება. პანდემიის პირობებში ვიმყოფებით ახლა და ის პრიორიტეტები, რომლებიც დგას ქალაქის წინაშე, დროებით ცოტა შეიცვალა. რაც შეეხება პროექტის დეტალებს, ამ ეტაპზე, კულტურის სამსახური შეითავსებს მის ფუნქციებს. ერთ-ერთი მნიშვნელივანი, რაც გაკეთდა, თუნდაც ისაა, რომ ახლა, პანდემიის პირობებში, ჩვენ გვერდზე ვუდგავართ ელექტორნული მუსიკის სცენას და კლუბებს. ისინი შემოვიყვანეთ ჩვენი დაფინანსების სფეროში. ამ სფეროსთან კომუნიკაციასა და მხარდაჭერას განვაგრძობთ. სტრატეგიის დოკუმენტს, რომელიც შემუშავდა, გავასაჯაროებთ, უბრალოდ, პანდემიის პირობებში იმ გეგმას არ მივყვებით, ვინაიდან ეს არ არის აქტუალური და პრიორიტეტული. პირველად მოხდა, რომ კლუბები იღებენ დაფინანსებას, როგორც კულტურის სფერო, რასაც გავაგრძელებთ. მნიშვნელოვანია, მათ ეს მხარდაჭერა იგრძნონ. პანდემიის შემდეგ დავსხდებით და ახალ სამუშაო გეგმას შევიმუშავებთ. შემდგომში გავაკეთებთ განცხადებას იმის თაობაზე, ვინ იქნება ამ პროექტის ხელმძღვანელი“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.