ანდრეს მამიკინსი - ჩვენ ახალი პერსპექტივა უნდა მივცეთ ქართველ ხალხს, რომელმაც მკაფიოდ აჩვენა, რომ ევროპულ გზას ირჩევს
საქართველომ ბევრ სფეროში სტანდარტების გაუმჯობესების დინამიკა აჩვენა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრმა ანდრეს მამიკინსმა საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კომიტეტის სხდომაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკითხი განიხილებოდა.
„ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება 2016 წლის ივლისში ამოქმედდა. ამ შეთანხმებამ უკვე რეალური სარგებელი მოიტანა. ჩემი მომხსენებლის როლისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩემი კონტაქტების წყალობით, უნდა ვაღიარო, რომ საქართველომ სტანდარტების გაუმჯობესების დინამიკა აჩვენა ბევრ სფეროში, კერძოდ სასამართლო სფეროში, სოფლის მეურნეობაში, გარემოს დაცვაში, ჯანდაცვაში, განათლებაში, ნოვაციებსა და სხვა სფეროებში. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შეთანხმება არის ეფექტიანი ინსტრუმენტი საქართველოში მმართველობის გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.
მისი თქმით, მოხარულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის სურვილი.
„ამ შეთანხმებამ უფრო გააძლიერა საქართველოს ეკონომიკა. მოხდა 63 ათასი საწარმოს მხარდაჭერა და 2 450 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. შეთანხმების საშუალებით, საქართველოს უფრო ძლიერი მმართველობა აქვს. ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა მთავრობის სამართლებრივი დახმარების სამსახური, რომელმაც უფასო სამართლებრივი მომსახურება გაუწია დაახლოებით 140 ათას ადამიანს. ეს შეთანხმება ეხმარება საქართველოს კავშირების გაძლიერებაში, ტრანსპორტის სფეროს, მწვანე ეკონომიკისა და ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებით“, – აღნიშნა ანდრეს მამიკინსმა.
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრის განცხადებით, ამ პოზიტიურ შედეგებთან ერთად, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა შეზღუდული რჩება.
„ამავე დროს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა არის საქართველოს მომავალი პოზიტიური ტრანსფორმაციის საფუძველი. ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობასთან ერთად, ევროკავშირთან ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს, თუმცა ამ შეთანხმების პოტენციალის სრულად განვითარებისთვის, ჩვენ უნდა გავაფართოვოთ მასშტაბი და ახლავე დავსახოთ ამბიციური მიზნები. შეთანხმების ჩარჩო იძლევა საშუალებას, საქართველო მიუახლოვდეს ევროპულ სოციალურ მოდელს და ევროკავშირმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების პროცესის სოციალურ მხარეს. ეს არის სფერო, სადაც ევროკავშირის ძალისხმევამ შესაძლოა, გამოიღოს სწრაფი და კონკრეტული პოზიტიური შედეგები. სოციალური საკითხებზე ფოკუსირება არის საუკეთესო სტრატეგია ევროინტეგრაციის პროცესისადმი საზოგადოების მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის და ორმხრივი ვაჭრობისთვის“, – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.
მისი თქმით, ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს შრომის, დასაქმებისა და სოციალური საკითხების ასოცირების კომიტეტის ჩამოყალიბებაზე.
„ასეთი კომიტეტის ჩამოყალიბება სოციალურ საკითხების კოორდინირებული გადაწყვეტის საშუალებას მოგვცემს, რადგან მხოლოდ რეკომენდაციები საკმარისი არ არის. ასოცირების შეთანხმების ასეთი გაღრმავება ხელს უწყობს „აღმოსავლეთ პარტნიორობა პლუსის“ იდეის განვითარებას და საქართველო ავტომატურად შემოჰყავს ევროპული სოციალური პოლიტიკის არეალში. ევროკავშირს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი ამ მიზნების მისაღწევად და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი, რომ საქართველოს სოციალური სტანდარტების გაუმჯობესებაში დავეხმაროთ. ჩვენ ახალი პერსპექტივა უნდა მივცეთ ქართველ ხალხს, რომელმაც მკაფიოდ აჩვენა, რომ ევროპულ გზას ირჩევს. საჭიროა, ქართველების ცხოვრების სტანდარტის რეალური გაუმჯობესება. ძვირფასო კოლეგებო, მოდით ვაჩვენოთ, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ღირებულია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა მამიკინსმა.