ანდრეს მამიკინსი - არ ვარ არც ასადის პრესცენტრი და არც პუტინის მეგობარი, ქართველები ჩემი მეგობრები არიან, თქვენ ევროპულ მომავალს ვგულშემატკივრობ
ევროპარლამენტარი ანდრეს მამიკინსი ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით ბრიუსელში „მოამბესთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
„თქვენ ვერ იპოვით ვერც ერთ სიტყვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად კანდელაკის მიმართ, მე არ ვარ არც ასადის პრესცენტრი და არც პუტინის მეგობარი. კანდელაკს და სხვა ჩემს კოლეგებს როდესაც შევხვდი საქართველოში, ჩვენ გვქონდა ძალიან გულახდილი საუბარი. არ მაქვს პრობლემა შეხვედრის არც გრიგოლ ვაშაძესთან და არც კანდელაკთან. თუ მათი სურვილი იქნება, მაშინ მე მათ შეხვდები. ახლაც დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი. ქართველები ჩემი მეგობრები არიან. მე თქვენ გგულშემატკივრობთ და თქვენს ევროპულ მომავალს ვგულშემატკივრობ“,- განაცხადა მამიკინსმა პირველ არხთან საუბრისას.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა მამიკინსი რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მამიკინსის მომზადებულ ანგარიშს სუსტი უწოდა და მასში საქართველოს მიმართ კრიტიკული შესწორებების შეტანა მოითხოვა.
საქართველის ხელისუფლება კი მამიკინსის მიერ მომზადებულ მოხსენებას პოზიტიურს უწოდებს.
„ვფიქრობ, მამიკინსის მოხსენებაში გამოთქმული შეფასებები რაც გაკეთდა, საამაყოა თითოეული ქართველისთვის, თითოეული მოქალაქისთვის, ვისაც თავი ევროპულ ოჯახში წარმოუდგენია. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს პოზიტიური იმპულსის მიმცემი, განურჩევლად იმისა, რომელ პარტიას ეკუთვნის ის“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.