მამუკა ბახტაძე -ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შეფასება არის საერთო, ქართველი ერის და არა მხოლოდ ჩვენი პარტიული წარმატება
მამუკა ბახტაძე -ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შეფასება არის საერთო, ქართველი ერის და არა მხოლოდ ჩვენი პარტიული წარმატება

ვფიქრობ, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში საამაყოა თითოეული ქართველისთვის, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის ანგარიში იყოს პოზიტიური იმპულსის მიმცემი თითოეული მოქალაქისთვის.

„რაც შეეხება მამიკინსის მოხსენებას, ვფიქრობ, მოხსენებაში გამოთქმული შეფასებები რაც გაკეთდა, საამაყოა თითოეული ქართველისთვის, თითოეული მოქალაქისთვის, ვისაც თავი ევროპულ ოჯახში წარმოუდგენია. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს პოზიტიური იმპულსის მიმცემი, განურჩევლად იმისა, რომელ პარტიას ეკუთვნის ის. როდესაც ასეთი საკითხები დაიყვანება ვიწროპარტიულ ინტერესებსადა მსჯელობებზე, ეს არის სრულიად მიუღებელი. არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ ვართ სრულიად ღია ნებისმიერი ტიპის დისკუსიისთვის, მაგრამ ამ ქვეყანამ გააკეთა თავისი ცივილიზაციური არჩევანი. ამ არჩევანის გზაზე ვდგამთ ძალიან პრინციპულ ნაბიჯებს და ამ ნაბიჯებში ვართ წარმატებული. თუ კონკრეტული პოლიტიკური ძალები აცხადებენ, რომ ჩვენ საგარეო კურსს მხარს უჭერენ, კეთილი ინებონ და ობიექტური კომენტარები გააკეთონ იმ შეფასებებზე, რასაც ახორციელებენ ჩვენი ევროპელი კოლეგები. ეს არის საერთო წარმატება, ეს არის ჩვენი ერის წარმატება და არა პარტიული წარმატება, იგივეს მოვითხოვ პოლიტიკურ ველზე მყოფი სხვა ორგანიზაციების მხრიდან. ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა იქნას დაყვანილი ვიწროპარტიულ მსჯელობაზე. ეს არის არასერიოზული და ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ამას კარგად აფასებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ 30 აგვისტოს ანგარიში მოისმინეს. 

კომიტეტში ანგარიში მომხსენებლის, ანდრეი მამიკინსის სახელით ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ წარადგინა. მისი განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში აჩვენებს, რამდენად შორს წავიდნენ ქართველები ევროინტეგრაციის გზაზე.

გარდა ამისა, მიწვეულმა ექსპერტმა ნონა მიხელიძემ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის ალტერნატიული ვარიანტი წარადგინა, რომელიც ძირითადი მოხსენებისგან განსხვავებით, მწვავედ კრიტიკული იყო.