ანდრეი რუდენკო - რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს, რამე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეში
ანდრეი რუდენკო - რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს, რამე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეში

რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს, რამე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეში, – ეს განცხადება „რია ნოვოსტისთან“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ გააკეთა.

ანდრეი რუდენკომ კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

„ჩვენ ამ კომენტარებს საქართველოს იმ წარმომადგენლების სინდისზე ვტოვებთ, რომლებმაც ეს კომენტარები გააკეთეს. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს, რამე ფორმით საქართველოს შიდა საქმეში ჩარევას“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევა დაგმო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და მოუწოდეა რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები. ამასთან, განცხადება გაავრცელა, დიდმა ბრიტანეთმა. როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო გმობს რუსეთის „გრუ“-ს მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას.