ანდრეი კასიანოვი - უაღრესად მადლიერნი ვართ უკრაინის მიმართ საქართველოს მხრიდან გამოხატული თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის
ანდრეი კასიანოვი - უაღრესად მადლიერნი ვართ უკრაინის მიმართ საქართველოს მხრიდან გამოხატული თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის

ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ უკრაინის მიმართ საქართველოს მხარის მიერ გამოხატული თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ანდრეი კასიანოვმა აღნიშნა, რუსეთი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის.

„დღეს მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ლაშა დარსალიასთან. დღეს, ჩვენ, როგორც უკრაინელები, ისე ქართველები რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროვოკაციის მოწმენი გავხდით.

ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ უკრაინის მიმართ საქართველოს მხარის მიერ გამოხატული თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციების – „უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“ მხარდაჭერისთვის.

საქართველო არამარტო მხარს უჭერს ამ რეზოლუციებს, არამედ იგი აღნიშნული რეზოლუციების თანასპონსორიცაა. ჩვენ ასევე მადლობელნი ვართ საქართველოს ეროვნული ბანკის მკაფიო პოზიციისთვის, კერძოდ, ევროკავშირის მიერ რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმის შესაბამისად მოქმედებისთვის. რუსეთი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუსეთი სრულად აგებს პასუხს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებული ომისთვის“, – განაცხადა კასიანოვმა.

ლაშა დარსალიასა და ანდრეი კასიანოვის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.