ანდრეი ერმაკმა და ჯეიკ სალივანმა სამხრეთ უკრაინაში პორტების დასაცავად საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილეს
ანდრეი ერმაკმა და ჯეიკ სალივანმა სამხრეთ უკრაინაში პორტების დასაცავად საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განიხილეს სამხრეთ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის გაძლიერება პორტების დასაცავად. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა განიხილეს უკრაინის თავდაცვის პრიორიტეტული საჭიროებები, კერძოდ, სამხრეთში საჰაერო თავდაცვის გაძლიერება პორტების ინფრასტრუქტურის დასაცავად. ისინი ასევე შეთანხმდნენ ერთობლივ ქმედებებზე უკრაინის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელებისა და გლობალური მშვიდობის სამიტისთვის მომზადების კონტექსტში.

როგორც კომუნიკეშია აღნიშნული, ასევე ისაუბრეს ვილნიუსის ნატო-ს სამიტის შედეგებსა და უკრაინის ალიანსში ინტეგრაციისკენ მიმართული შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

„ანდრეი ერმაკმა დადებითად შეაფასა მოლაპარაკებების დაწყება შეერთებულ შტატებთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი შეთანხმების დასადებად“, – აღნიშნულია კომუნიკეში.