ანდრეი ერმაკი - თანავუგრძნობ ქართველ ძმებს, მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და დავამარცხოთ მტერი, რომელიც ერთი გვყავს
თანავუგრძნობ ქართველ ძმებს, მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და დავამარცხოთ მტერი, რომელიც ერთი გვყავს, – წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი „ტელეგრამზე“. ერმაკი პოსტს ქართულ და უკრაინულ ენებზე აქვეყნებს.
ერმაკი წერს, რომ ბახმუტთან ბოლო დღეებში მტრის ალყაში მოექცნენ უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები.
„ბახმუტი – სტრატეგიული ქალაქის თავდაცვა გრძელდება! სასტიკი ბრძოლები ყოველდღეა…სროლის ხმა მუდმივად ისმის, გარშემო სიბნელეა, თითქოს ფრაგმენტი პირველი მსოფლიო ომიდან. გარშემო მტრის უამრავი ცხედარია, ისინი არც ცდილობენ ბრძოლის ველიდან მათ გაყვანას, ასობით მიტოვებული მტრის გვამი პატივის გარეშე…ჩვენი მეომრები იბრძვიან თავგანწირულად!
სამწუხაროდ, ჩვენც ვკარგავთ მეომრებს. ბახმუტთან ბოლო დღეებში მტრის ალყაში მოექცნენ ჩვენი უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის. თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში! ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! და ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ, ვინც იბრძვით ჩვენთან ერთად! აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის უკრაინასა და საქართველოში და დავამარცხოთ მტერი. მტერი ხომ ჩვენ ერთი გვყავს! ბახმუტი – ტიტანების ქალაქია!“,- წერს ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში.
უკრაინაში კიდევ ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია რუსული საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბახმუტში იბრძოდნენ. უკრაინაში საქართველოს საელჩო აცხადებს, რომ შესაბამის სამსახურებთან კონტაქტზე არიან, თუმცა ინტენსიური ბრძოლების გამო, ტერიტორიიდან ცხედრების გამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება.
24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ომს 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.