ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინამ და აშშ-მ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებები დაიწყეს
უკრაინამ და აშშ-მ დაიწყეს მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, კიევის მთავრობა მოლაპარაკებებს განიხილავს როგორც შუალედურ ეტაპს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მოლოდინში.
„სიმბოლურია, რომ აშშ, ჩვენი უდიდესი სტრატეგიული პარტნიორი, გახდა პირველი ქვეყანა, რომელთანაც უკრაინამ დაიწყო ეს პროცესი. ამით ჩვენ შევქმნით წარმატებულ მოდელს სხვა პარტნიორებისთვის“, – წერს ერმაკი.
ერმაკმა კიდევ ერთხელ გაიმეორა უკრაინის პოზიცია, რომ გარანტიები „გააძლიერებს უკრაინას ევროატლანტიკური თანამეგობრობის, მათ შორის ნატო-სა და ევროკავშირის მომავალი წევრობის გზაზე“.
უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსს არ დაუკონკრეტებია, სად მიმდინარეობს ან ვინ იღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში.